სპეციალური მასწავლებლის დასაქმების სფეროები, როლი და პასუხისმგებლობები:
სპეციალური მასწავლებლის განმარტება
სპეციალური მასწავლებელი არის მასწავლებელი, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია იმისთვის, რომ შეაფასოს მოსწავლის სწავლებასა და სწავლასთან დაკავშირებული სპეციალური საჭიროებები; განსაზღვროს და განახორციელოს სწავლების შესაბამისი სტრატეგიები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად. კონსულტაცია გაუწიოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს, მის მშობელს, მასწავლებელს/ებს და სხვა სპეციალისტებს მოსწავლის სწავლასა და საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
სპეციალური მასწავლებლის განათლება
(1) სპეციალური მასწავლებელს სპეციალურ განათლებაში მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
(2) 2014 წლის ბოლომდე სპეციალურ მასწავლებლად შეიძლება ჩაითვალოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან საგანმანათებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მოსწავლეს შეიძლება სპეციალური მასწავლებლის მხარდაჭერა დასჭირდეს, შესაძლოა, გარემო და სოცალური ან ინდივიდუალური (პიროვნული) ფაქტორებით იყოს გამოწვეული. მოსწავლე შეიძლება იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, თუ მას აქვს:
1. ფიზიკური განვითარების ან ინტელექტუალური დარღვევა;
2. მხედველობისა და/ან სმენის დარღვევა;
3. მეტყველების, ქცევისა და ემოციური განვითარების დარღვევა;
4. აქვს გრძელვადიანი მკურნალობის/ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
5. წარმოადგენს ეროვნულ, რელიგიურ და/ან ლინგვისტურ უმცირესობას და ამის გამო სირთულეები ექმნება სწავლის პროცესში;
6. არის სოციალურად დაუცველი და ამის გამო სირთულეები ექმნება სწავლის პროცესში;
7. სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ემუქრება საგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვა.
(”სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-11 წლებისთვის”; დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ).
სპეციალური მასწავლებელი მნიშვნელოვან და მრავალფეროვან როლს ასრულებს, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/პირის აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობაში, ასევე მისი ქცევის, სოციალური უნარებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში.
ასევე, სპეციალური მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობს (ეხმარება მშობლებს/მეურვეს, სხვა მასწავლებლებს და სპეციალისტებს) ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლას; სოციალურ ინტერაქციას; დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.
სპეციალური მასწავლებლის დასაქმების ადგილი შეიძლება იყოს: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა; სპეციალური პროფილის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, პანსიონური მომსახურებით ან მის გარეშე; უმაღლესი და სახელობო განათლების დაწესებულებები; დღის ცენტრი; ბავშვთა ბაღი;
სპეციალური მასწავლებელი შეიძლება იყოს განათლების სამინისტროსთან არსებული
მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ან მუშაობდეს ნებისმიერ სხვა სტრუქტურაში, რომელიც
პასუხისმგებელია ბავშვის ან მოზარდის შეფასებასა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების
სტატუსის მინიჭებაზე; რესურს-ცენტრში; საკვირაო სკოლაში; სარეკრეაციო ცენტრში; შეიძლება ეწეოდეს
კერძო პრაქტიკას, ან იყოს ე.წ მობილური სპეციალური მასწავლებელი, რომელსაც ხელშეკრულება აქვს
რამდენიმე სკოლასთან ერთდროულად და მხარდაჭერას უწევს მათ სსსმ მოსწავლეთა განათლების
პროცესში; ასევე, სპეციალური მასწავლებელი შეიძლება ჩართული იყოს დისტანციურ (შინ) სწავლებაში.
სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში სპეციალური მასწავლებელი ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას;
იმისგან დამოუკიდებლად, თუ სად მუშაობს სპეციალური მასწავლებელი, იგი აკმაყოფილებს
სპეციალური მასწავლებლის სტანდარტის ძირითად ნაწილს და აქტიურად თანამშრომლობს
მშობლებთან/მეურვესთან და ყველა იმ სპეციალისტთან, რომელიც ჩართულია მოსწავლის სწავლა-
აღზრდაში, სსსმ ბავშვის ან მოზარდის შეფასების, საგანმანათლებლო პროგრამის/ინდივიდუალური
სასწავლო გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის მიზნით.
სპეციალური მასწვლებლის როლი და პასუხისმგებლობები განათლების სხვადასხვა სფეროსა თუ
სისტემაში:
1. სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო კლასში - ზოგადსაგანმანათლებლო კლასში სპეციალური
მასწავლებელი, კლასის მასწავლებელთან (კლასის დარიგებელი; საგნის/საგნობრივი ჯგუფის;
დაწყებითი საფეხურის; სასპორტო და სახელოვნებო საგნების მასწავლებელი) ერთად, მონაწილეობს
სსსმ მოსწავლისთვის სასწავლო და/ან საგაკვეთილო მიზნებისა და ამოცანების დადგენაში,
გაკვეთილის დაგეგმვაში, სასწავლო გარემოსა და მასალის მოდიფიცირებასა და მომზადებაში;
საჭიროების შემთხვევაში სპეციალური მასწავლებელი, საგნის მასწავლებელთან ერთად,
მონაწილეობს სწავლების პროცესში და, ძირითადად, ასრულებს საგნის მასწავლებლის დამხმარის
ფუნქციას. კერძოდ, მხარდაჭერას უწევს სსსმ მოსწავლეს საკლასო დავალების გაგების, შესრულებისა
და სხვა საკლასო აქტივობებში მონაწილეობის პროცესში;
ასევე, სპეციალური მასწავლებელი აწარმოებს კლასში დაკვირვებას სსსმ მოსწავლის აკადემიურ
წარმატებებზე, სსსმ მოსწავლესა და კლასის დანარჩენ ბავშვებს შორის ურთიერთობებზე, მის
ჩართულობაზე საკლასო აქტივობებში და, საჭიროების შემთხვევაში, რჩევებს ძლევს საგნის
მასწავლებელს.
2. სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის რესურსოთახში - რესურსოთახში სპეციალური
მასწავლებელი დამატებით, ინდივიდუალურად მუშაობს სსსმ მოსწავლესთან/ებთან და/ან
მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან. რესურსოთახში დამატებითი მუშაობა ხორციელდება იმისთვის, რომ
მოსწავლემ უკეთ აითვისოს საგაკვეთილო საგნები და/ან გაუმჯობესდეს მოსწავლის შემეცნებითი,
ქცევითი, სოციალური, ფუნქციური და სხვა უნარები. ასევე, რესურსოთახი სპეციალურმა
მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვა სპეციალისტებთან
სამუშაო შეხვედრებისთვის.
3. სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სპეციალურ კლასში - სპეციალურ კლასში საგნებს
ასწავლის საგნის მასწავლებელი/ები; სპეციალურ კლასში სპეციალური მასწავლებელი მჭიდროდ
თანამშრომლობს საგნის მასწავლებელთან/ებთან შემდეგი მიმართულებით:
-აცნობს საგნის მასწავლებელს თითოეული სსსმ ბავშვის შესაძლებლობებსა და საგანმანათლებლო
საჭიროებებს;
-ეხმარება საგნის მასწავლებელს/ებს ყოველი სსსმ მოსწავლისთვის კონკრეტულ საგნის სასწავლო
მიზნებისა და ამოცანების იდენტიფიცირებასა და საგაკვეთილო პროცესის წინასწარ დაგეგმვაში;
საჭიროების შემთხევაში, ამზადებს გაკვეთილისთვის საჭირო მასალას;
-საგნის მასწავლებელთან ერთად მონაწილეობს სწავლების პროცესში და, ძირითადად, ასრულებს
საგნის მასწავლებლის დამხმარის ფუნქციას. კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერას უწევს
თითოეულ მოსწავლეს საკლასო დავალების გაგების, შესრულებისა და სხვა საკლასო აქტივობებში მონაწილეობის პროცესში;
სპეციალურ კლასში სპეციალური მასწავლებელი დამატებით მუშაობს მოსწავლეთა სოციალური, ქცევითი უნარების დახვეწასა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე.
ასევე, სპეციალური მასწავლებელი კოორდინაციას უწევს არაფორმალურ სასკოლო აქტივობებში სსსმ მოსწავლეთა მონაწილეობას, სხვა მოსწავლეებთან ერთად.
4.
სწავლება საჯარო სკოლაში, რომელიც შინაგანაწესით არის სპეციალური: სპეციალური პროფილის მქონე საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებელი შეიძლება იყოს დაწყებითი საფეხურის, საგნის ან საგნობრივი ჯგუფის; სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი, რომელსაც, 2014 წლის ჩათვლით, აქვს სსსმ მოსწავლის სწავლების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება და სერტიფიცირებულია განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, როგორც სპეციალური მასწავლებელი (მისი კვალიფიკაცია შეესაბამება სპეციალური მასწავლებლის სტანდარტს).
2014 წლამდე სპეციალურ სკოლაში მოქმედ მასწავლებლებს შეუძლიათ, თავად გააკეთონ არჩევანი, სერტიფიცირებას გაივლიან, როგორც სპეციალური მასწავლებლები (სპეციალური მასწავლებლის სტანდარტის შესაბამისად), თუ როგორც საგნის, საგნობრივი ჯგუფის, სასპორტო და სახელოვნებო საგნის და/ან დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები.
სპეციალური მასწავლებელი, რომელიც მუშაობს სპეციალურ სკოლაში, ასრულებს იმავე ფუნქციებს, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო ან სპეციალურ კლასში.
5.
სპეციალური მასწავლებელი შეიძლება იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მიმნიჭებელი ნებისმიერი სხვა უწყების წევრი. მულტიდისციპლინურ გუნდში სპეციალური მასწავლებელი, გუნდის სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეობას იღებს სსსმ მოსწავლეთა რეგისტრაციაში, შეფასებასა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მინიჭებაში. საჭიროებების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი რეკომენდაციებს აძლევს სკოლასა და მშობლებს სსსმ მოსწავლის განათლების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებით. კერძოდ: შესაძლოა სკოლას, მასწავლებელსა და მშობელს გაეწიოს შესაბამისი კონსულტაცია სსსმ მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებთან და/ან დამატებითი სპეციალური რესურსების მოძიების საკითხებთან დაკავშირებით.
6.
მობილური სპეციალური მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელსაც შეიძლება ერთდროულად რამდენიმე სკოლასთან ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება და მხარდაჭერას უწევდეს ყველა მათგანს სსსმ მოსწავლეთა განათლების პროცესში.
ძირითადად, ითავსებს კონსულტანტის ფუნქციას და ეხმარება სკოლას მოსწავლეებისა და მათი საგანმანათლებლო გარემოს შეფასების, მათთან მუშაობის დაგეგმვისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში. რეკომენდაციებს აძლევს მშობლებს, მასწავლებლებსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებს, სსსმ მოსწავლის საგანამანათლებლო საჭიროებებთან დაკავშირებით.
7.
კერძო პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი - სთავაზობს დამატებით დახმარებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს სკოლის შემდეგ; ახორციელებს ბინაზე ვიზიტებს და, შესაძლოა, მხარდაჭერა გაუწიოს კლასის დამრიგებელს, ან საგნის მასწავლებელს/ებს სსსმ მოსწავლის სასწავლო პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
კერძო პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი მოქმედებს სკოლისგან დამოუკიდებლად და მის ჰონორარს, ძირითადად, უზრუნველყოფს ოჯახი.
8.
ადრეული ინტერვენცია, სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობა - ადრეული ინტერვენციის მიზნით, სპეციალური მასწავლებელი მუშაობს ჩვილებთან და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან ბაღში, ოჯახში ან სხვა საგანმანათლებლო გარემოში. სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს ბავშვის ოჯახთან/მეურვესთან და ასწავლის მათ ბავშვის განვითარების მასტიმულირებელ ტექნიკას და ეხმარება მომავლის დაგეგმვაში;
ბავშვთა ბაღის სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს მულტიდისციპლინურ გუნდთან და/ან იმ სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელთან, რომელშიც ბავშვი გააგრძელებს სწავლას სსსმ მოსწავლისთვის შესაბამისი გარემოს მომზადებისა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის/ების კონსულტაციის მიზნით.
9.
დისტანციური სწავლება - შინ სწავლება: იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე, რიგი მიზეზების გამო, ვერ დადის სკოლაში და იღებს განათლებას დისტანციური (შინ) სწავლების პროგრამის ფარგლებში, სპეციალური მასწავებელი მონაწილეობს შინ სწავლების პროცესში; კერძოდ, ის მონაწილეობს სსსმ მოსწავლის სახლში განათლების მიღების პროგრამის შედგენაში და უწევს მშობელს კონსულტაციას მოსწავლის შინ განათლების საკითხებთან დაკავშირებით; ამარაგებს მას საჭირო ვიდეო და ინტერნეტმასალით და წინასწარ განსაზღვრული სიხშირით ახორციელებს სახლში ვიზიტს, რათა აწარმოოს დაკვირვება და შეაფასოს მოსწავლის პროგრესი და საჭიროებები.
საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი ამეცადინებს მოსწავლეს კლასის მასწავლებლებთან შეთანხმებით და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით. ასევე, მუშაობს ბავშვის ქცევითი, სოციალური, კომუნიკაციური უნარების განვითარების სტიმულირებაზე და სსსმ მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე.
10.
სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო დღის ცენტრში სპეციალური მასწავლებელი მონაწილეობს ბავშვის შეფასებაში, განმავითარებელი პროგრამის დაგეგმვაში და მის განხორციელებაში. კონსულტაციას უწევს მშობელს/მეურვეს ან სხვა დაინტერესებულ პირს, როგორ იმუშაოს მისი სოციალური და ქცევითი უნარების განვითარებასა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე. ასევე, დღის ცენტრის სპეციალურმა მასწავლებელმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შედგენაში და მხარდაჭერა გაუწიოს სკოლას მოსწავლის განათლების პროცესში, კერძოდ, დაეხმაროს კლასის მასწავლებელს/ებს, რომ შეაფასოს მოსწავლის აკადემიური პროგრესი და საჭირო კონსულტაციები გაუწიოს მას - გაუწიოს რეკომენდაცია, როგორ ასწავლოს კონკრეტული საგანი/ები სსსმ მოსწავლეს.
11.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლი: სპეციალური მასწავლებელი მონაწილეობს ბავშვის შეფასებაში, განმავითარებელი პროგრამის დაგეგმვასა და მის განხორციელებაში. მუშაობს ინდივიდუალურად და/ან ჯგუფებთან, ბავშვთა სოციალური და ქცევითი უნარების გაუმჯობესებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით. აძლევს საჭირო რეკომენდაციებს ძიძებსა და აღმზრდელებს და ბავშვთა სახლის სხვა პერსონალს, მოსწავლის აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით; თანამშრომლობს სკოლის მასწავლებელთან/ებთან, სადაც შშმ ბავშვი ირიცხება და აძლევს მათ რეკომენდაციებს ბავშვის განათლების საკითხებთან დაკავშირებით (საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასა და განხორციელებაში); სპეციალური მასწავლებელი მუშაობს შშმ ბავშვის მშობელთან და ეხმარება მას, რომ ჩაერთოს ბავშვის აღზრდასა და განათლებაში.
12.
სახელობო და პროფესიული განათლების ცენტრი: სპეციალური მასწავლებელი იძლევა რეკომენდაციებს კონკრეტული სსსმ პირის პროფესიულ უნარებთან დაკავშირებით და მხარდაჭერას უწევს მშობლებს/მეურვეს, სპეციალისტებს სსსმ პირისთვის პროფესიული უნარების სწავლების დროს. სსსმ პირის დასაქმების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი უწევს მხარდაჭერას სსსპ პირს ახალ სამსახურთან ადაპტაციის პროცესში.